English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ მურთაზ მაღრაძედემურ სიჭინავარუსუდან სეთურიძეშორენა დავითაიაზვიად სიგუა
სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილებისა და გამოყენების პრობლემები საქართველოში

 PDF ვერსიის სანახავად დააჭირეთ ბმულს

 

სტატიაში განხილულია: საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში  სტუდენტთა სწავლის საფასურის სახელმწიფო დაფინანსებისა და გამოყენების საკითხები, გაანალიზებულია რუსეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის,  შვედეთის, დიდი ბრიტანეთის და ესტონეთის უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა სწავლის საფასურის ანაზღაურებისადმი არსებული მიდგომები, მოცემულია სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილებისა და გამოყენების დღევანდელი მდგომარეობა საქართველოს უმაღლეს სასაწავლებლებში, დამუშავებულია პრობლემისადმი მიძღვნილი არსებული ლიტერატურული წყაროები, განხილულია განათლების ექსპერტთა შეხედულებები სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილებასა და გამოყენებაზე, კვლევის შედეგად დადგენილია სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილებასა და გამოყენებაში არსებული ნაკლოვანებები, კრიტიკულადაა განხილული საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის სახელმწიფო დაფინანსების ხუთი შესაძლო მოდელი, საქართველოს განათლების სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემოთავაზებულია სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილებისა და გამოყენების ისეთი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტის სწავლის მოტივაციის ამაღლებას, სასწავლო გრანტების განაწილებასა და გამოყენებაში სოციალურ სამართლიანობას, სტუდენტთა ლექცია/სემინარებზე დასწრების გაუმჯობესებას, სტუდენტთა მხრიდან  შესაძლო დანაშაულებების შემცირებას, სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილებასა და გამოყენებაში უმაღლესი სასწავლებლებისა და ფაკულტეტების რეალურ ავტონომიას, გაკეთებულია დასკვნები სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილებასა და გამოყენებაში არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. 

საკვანძო სიტყვები: სახელმწიფო სასწავლო გრანტი, სასწავლო გრანტების განაწილება-გამოყენება, სოციალური უსამართლობა.

JEL Codes: I20, I21, I22, I28

 

შესავალი

სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილება-გამოყენების საკითხი საქართველოში დღეისთვის განათლების სისტემის სრულყოფის ერთ-ერთი ურთულესი პრობლემაა. 

ევროკავშირში საქართველოს შესვლის სწრაფვიდან გამომდინარე, განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნები კვალიფიკაციურ კადრებზე, ვინაიდან უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა დონემ ასეთ პირობებში უნდა დააკმაყოფილოს განათლების სახელმწიფო და საერთაშორისო ნორმები და სტანდარტები, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი გახდება მათი მობილობა და დასაქმება ევროპისა და უცხოეთის სხვა ქვეყნებში. შესაბამისად, აუცილებელია კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლების მქონე კადრების მომზადება და გადამზადება, სახელმწიფოს მიერ უმაღლესი განათლების სფეროსთვის გამოყოფილი ფულადი საშუალებების ეფექტიანი განაწილება-გამოყენება და სხვ., რაც გაცილებით ამაღლებს პრობლემის აქტუალურობას.  

უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადეკვატური დაფინანსების სისტემას, შედეგზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფას, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის პროფესიული განვითარების მექანიზმების ინსტიტუციონალიზაციას და სხვ.  (პროექტი. 2017-2021).

მიუხედავად ამისა, დღესაც არაა გადაწყვეტილი პროფესორ ვახტანგ სართანიას მიერ 20 წლის  წინათ  გამოთქმული მოსაზრება განათლების სფეროში გამოყოფილი ფინანსური რესურსების გამოყენების ეფექტიანობის, სტუდენტთა მოტივაციის ამაღლების და სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრის აუცილებლობის შესახებ (სართანია ვ. 2001).  

საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად ზრდის განათლების სფეროს დაფინანსებას, რაზეც მიუთითებს  ცხრილი 1-ის  მონაცემები.



განათლებაზე გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები

2019-2021 წწ. (ათას ლარებში)

ცხრილი 1

 

 

                                    წლები

2019 ფაქტობრივი

2020 ფაქტობრივი

2021 გეგმა

განათლება

1,447,372.3

1,491,663.9

1,739,108.0

უმაღლესი განათლება

159,902.3

139,057.9

142,920.0

    წყარო: საქართველოს კანონი. საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ 2020

 

მიუხედავად ამისა, სახელმწიფო სასწავლო გრანტის დაფინანსება საქართველოში წლების განმავლობაში უცვლელია და შეადგენს 12 600 000 ლარს (საქართველოს მთავრობის დადგენილება N283). 

სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილებისა და გამოყენების სრულყოფის პრობლემის გადაჭრის ძირითადი ამოცანაა შეასრულოს მასტიმულირებული როლი უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ხარისხის ამაღლებაში, სასწავლებლების დამოუკიდებლობის გაზრდასა  და სწავლის პროცესში სოციალური  უთანასწორობის აღმოფხვრაში და სხვ.

წინამდებარე სტატია ავტორთა მიერ აღნიშნული პრობლემის კვლევის ერთ-ერთი პირველი, ზოგადთეორიული მონაკვეთია, რომელსაც, შესაბამისად, მოჰყვება  კონკრეტულ-პრაქტიკული მონაკვეთებიც თემის სათანადო მეცნიერული ანალიზითა და დასკვნებით. 

 

სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილებისა და გამოყენების არსებული მდგომარეობა საქართველოში

 

დღეისათვის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში არ წარმოებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო გრანტების გამოყენების სათანადო მონიტორინგი, კონტროლი და ანალიზი. ამჟამად უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი უნარჩუნდება სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში საერთო წესის შესაბამისად, თუ მან სემესტრების მიხედვით თითეულ სასწავლო დისციპლინაში მიიღო აკადემიური შეფასება არანაკლებ 51 ქულისა და დააგროვა საჭირო კრედიტების რაოდენობა. 

გრანტის გამოყენებისადმი ასეთი მიდგომა სტუდენტს უკარგავს სწავლის მოტივაციას. იგი კმაყოფილდება მიღებული ქულებით, რის შედეგადაც  უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილის განათლების დონე ვერ აკმაყოფილებს სახელმწიფოსა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს. საბოლოოდ, ზარალდება არა მხოლოდ თავად კურსდამთავრებული მიღებული დაბალი კვალიფიკციისა და კონკურენტუნარიანობის გამო, არამედ სახელმწიფოც. გარდა ამისა, ადგილი აქვს ასევე შემდეგ სოციალურ უსამართლობას: სტუდენტი, რომლის აკადემიური მოსწრება აღემატება გრანტის მფლობელისას, თვითონ იხდის სწავლის საფასურს. ე. ი. მოქმედებს არასამართლიანი კონკურენციის (შეჯიბრების) პრინციპი (საქართველოს კანონი  2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, 2019). 

განათლების სისტემაში მსგავსი პრობლემების არსებობის გამო, რამდენიმე წლის წინათ სტუდენტებისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების გაცემის  ამგვარი წესის შეცვლის შესახებ სავსებით სამართლიანად დააყენა საკითხი განათლებისა და მეცნიერების ექსმინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტი სალომე გორგოძე წერს: „განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესის შეცვლას გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია დეტალები, კონკრეტულად რა სახის ცვლილებები შევა დაფინანსების წესში. თუმცა, როგორც მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა განმარტავს, საგრანტო დაფინანსება შესაძლოა სტუდენტის აკადემიურ მოსწრებასთან იყოს კავშირში, ანუ პირველი წლის დაფინანსებას ეროვნული გამოცდების შედეგები გადაწყვეტს, მაგრამ მომდევნო წლებში გრანტის მიღების პირობა შეიძლება აკადემიური მოსწრება გახდეს“ (გორგოძე ს. 2017). 

ავტორები იზიარებენ შეხედულებას, რომ არასწორი და შესაცვლელია აგრეთვე ყველა პროფესიისა და მიმართულებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტების თანაბრად განაწილების დღეისთვის არსებული წესი. როგორც აღნიშნავს განათლებისა და მეცნიერების ექსმინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, „არ არის მისაღები, რომ სასწავლო გრანტი რეჟისურის და იურიდიული მიმართულების სტუდენტს იდენტური ჰქონდეთ და ის პრინციპი, რომლითაც ამას დღეს უმაღლესი სასწავლებლები აბალანსებენ, არასწორია“ (განათლების სამინისტრო, 2019). 

სავსებით მისაღებია განათლების ექსპერტის, სამოქალაქო ინტეგრაციის  და ეროვნებათა შორის ურთიერთობების ცენტრის გამგეობის თავჯდომარის შალვა ტაბატაძის მოსაზრება, რომ „დღეისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტების როლი გრანტების განაწილებასა და გადანაწილებაში თითქმის არ არსებობს. თუ საზღვარგარეთის გამოცდილებას გადავხედავთ, სხვადასხვა მოდელი არსებობს. ჩვენი ცენტრალიზებული მიდგომისგან განსხვავებით, არსებობს სისტემა, როდესაც უნივერსიტეტი თავად ირჩევს სტუდენტს, თავადვე აძლევს სტიპენდიას და კრიტერიუმებზე დაყრდნობით განიხილავს სტუდენტისთვის სტიპენდიის შენარჩუნების საკითხს. ანუ, ეს ყველაფერი წყდება საუნივერსიტეტო დონეზე. ჩვენს შემთხვევაში კი უნივერსიტეტის როლი ნაკლებია, როგორც შერჩევის, ასევე დაფინანსების გადანაწილების კუთხით“ (გორგოძე ს. 2017).

     მოყვანილი მოსაზრებებიდან გამომდინარე, პრობლემის არსში უფრო საფუძვლიანი გარკვევის მიზნით, როგორც ჩანს, აუცილებელია ყოფილი საბჭოთა კავშირის, აშშ-სა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სტუდენტთა დაფინასების არსებული მდგომარეობის შესწავლა-ანალიზი და მისი მისადაგება ქვეყნის თანამედროვე უმაღლესი განათლების სისტემისადმი. 



სწავლის საფასურის გადახდის წესი ყოფილი საბჭოთა კავშირის 

ზოგიერთ რესპუბლიკაში, ევროპასა და აშშ-ში

 

ინტერესს იწვევს, ამ თვალსაზრისით, სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდის წესი ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთ რესპუბლიკაში, ევროპასა და აშშ-ში.

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური  სტიპენდიის დანიშვნა წლის განმავლობაში ხდება ორჯერ, გამოცდების შედეგების მიხედვით. აკადემიური სტიპენდია ენიშნებათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც საგამოცდო სესია ჩააბარეს „კარგზე“ ან „ფრიადზე“. ამასთანავე, სტიპენდიის დანიშვნისას მხედველობაში მიიღება ჩათვლების, პრაქტიკისა და საკურსო ნამუშევრების შეფასებები და ლექცია/სემინარებზე დასწრების მონაცემები. გარდა აღნიშნულისა, სტუდენტებს ენიშნებათ სხვადასხვა სახის სახელმწიფო სტიპენდიები: სოციალური, სახელობითი და ა. შ. მაგ., ქალაქის მერის სტიპენდია. ამ სტიპენდიის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ერთი სასწავლო სემესტრის განმავლობაში ფრიადზე სწავლა,  მეცნიერული საქმიანობა და მოსკოვში  ცხოვრება. 

არსებობს აგრეთვე პრეზიდენტისა და სხვადასხვა სახის სოციალური სტიპენდიები. სოციალური სტიპენდია ენიშნებათ სოციალურად გაჭირვებულ  სტუდენტებს. რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური სტიპენდიის მოცულობა ერთნაირია  რუსეთის  მთელ ტერიტორიაზე.  პირველი კურსის პირველი სემესტრის დასაწყიში  სტუდენტს ენიშნება  აკადემიური სტიპენდია სახელმწიფოს  ბიუჯეტის სახსრებიდან, მეორე  სემესტრის  საგამოცდო სესიების  დაწყებამდე. 

სახელმწიფო სოციალური სტიპენდია ენიშნებათ იმ სტუდენტებს, რომლებსაც ესაჭიროებათ სოციალური დახმარება. თუ სტუდენტს, საპატიო მიზეზის გამო,  შეჩერებული აქვს სტატუსი, მას სტიპენდია უნარჩუნდება  (Стипендия для студентов в 2021 году).

ბელორუსში  სტუდენტებს ენიშნებათ  შემდეგი სახის სტიპენდიები: სასწავლო, სოციალური, პერსონალური სახელობითი. სასწავლო სტიპენდიის დანიშვნისას მხედველობაში მიიღება სემესტრული მოსწრების საშუალო სიდიდე და სპეციალობის  სახეობა.  სასწავლო სტიპენდიას დასწრებული განყოფილების პირველი კურსის ყველა სტუდენტი ერთნაირად  ღებულობს   მომავალ   საგამოცდო სესიამდე.

სოციალური სტიპენდია ეძლევათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც საგამოცდო სესიაზე მიიღეს 6.0 ქულაზე ნაკლები და იმყოფებიან განსაკუთრებულ მდგომარეობაში: ობლები, სტუდენტები, რომლებმაც სესიის განმავლობაში დაკარგეს უკანასკნელი მშობელი, სამხედრო მოსამსახურეთა შვილები,  ინვალიდი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, სტუდენტი-მშობლები, ჭლექით დავადებული სტუდენტები და სხვ. (Студенты БНТУ, 2019).

ყაზახეთის რესპუბლიკის  უმაღლეს სასწავლებლებში  სწავლის საფასურის დაფინანსება ძირითადად  ხდება ან სახელმწიფო სასწავლო გრანტების საფუძველზე, ან სტუდენტი საკუთარი ხარჯებით ფარავს  სწავლის საფასურს. სახელმწიფო სასწავლო გრანტი ძირითადად გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, აბიტურიენტის მიერ ჩაბარებული  გამოცდების შედეგების მიხედვით. უმაღლესი განათლებისთვის ფინანსების 91% გამოიყოფა სახელმწიფო გრანტებისთვის, 1% სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტისთვის (სოფლად მცხოვრები, ობოლი, ინვალიდი  და სხვ.). სახელმწიფო სასწავლო  გრანტის სიდიდე დამოკიდებულია სასწავლო დაწესებულების ტიპზე. ეროვნულ უნივერსიტეტებში სასწავლო გრანტის  რაოდენობა 2-ჯერ მეტია, ვიდრე სახელმწიფო უნივერსიტეტებში.  ყაზახეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის 73% მოდის საკუთარ დაფინანსებაზე. აქედან სტუდენტების უმეტესი რაოდენობა სწავლობს კერძო უნივერსიტეტებში. 

2018 წლიდან ყაზახეთის უნივერსიტეტებს მიეცათ უფლება თვითონ დამოუკიდებლად განსაზღვრონ  სწავლის საფასურის მოცულობა (Али Айт Си Мхамед, Каcа, Сагинтаева, Воссенштейн  2018).    

უცხოელებისთვის აშშ-ში სწავლა ძვირია. იქ არ არსებობს ცენტრალური სისტემა, რომელიც დაადგენს სწავლის საფასურს. თითოეული ამერიკული უნივერსიტეტი დამოუკილებლად განსაზღვრავს თავისი პროგრამების ღირებულებას. აკადემიური პროგრამების ღირებულება დამოკიდებულია სასწავლო დაწესებულებაზე, სპეციალიზაციაზე, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სტუდენტის შემოსავალზე.     

 აშშ-ს ერთ-ერთი ცნობილი უნივესიტეტია ჩიკაგოს უნივერსიტეტი. ამ უნივერსიტეტის სხვადასხვა სფეროში მოქმედებს სხვადასხვა სასწავლო პროგრამა,  სტაჟირებები და საზღვარგარეთ სწავლის ოპციები. მას გააჩნია საკმაოდ დიდი სასტიპენდიო ფონდი. იგი თანამშრომლობს  სხვადასხვა გარე ფონდებთან,  რაც კარგ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს სტიპენდიებისა და გრანტების მოსაპოვებლად. აშშ-ში ჩიკაგოს უნივესრსიტეტს უკავია პირველი ადგილი უცხოელი სტუდენტებისთვის გამოყოფილი სასტიპენდიო ფონდის მიხედვით. უნივერსიტეტი სწავლაში ხელს უწყობს უცხოელ სტუდენტებს, განსაკუთრებით ნიჭიერებს, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაიხადონ სწავლის საფასური. ჩიკაგოს უნივერსიტეტში სტიპენდია შეიძლება მიიღონ არა  მარტო ხელმოკლე,  არამედ  მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებმაც. სპეციალური კომისია განიხილავს სტუდენტის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს, აფასებს მის წარსულ აკადემიურ დამსახურებას და სასწავლო პოტენციალს და  ამის საფუძველზე უნიშნავს შესაბამისი სიდიდის სტიპენდიას.

საფრანგეთში უმაღლესი სასწავლებლების დიდი ნაწილი სახელმწიფოს ეკუთვნის და სტიპენდიას ღებულობენ არა ის სტუდენტები, რომლებიც კარგად სწავლობენ, არამედ დაბალშემოსავლიანებიც. დახმარების  სიდიდე დამოკიდებულია სტუდენტის შემოსავალზე. 

გერმანიაში  სტიპენდია ენიშნებათ ნაკლებადუზრუნველყოფილ სტუდენტებს,  თუმცა მიღებული სტიპენდიის ნახევარი სტუდენტმა სასწავლებელს უნდა დაუბრუნოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ. 

ავსტრიაში ხელისუფლება ახალისებს იმ სტუდენტებს, რომლებიც  ეუფლებიან საბუნებისმეტყველო დისციპლინებს (ფიზიკა, ქიმია, სამედიცინო კვლევა,  ბიოლოგია). სტიპენდია შეიძლება ასევე მიიღოს  უცხო ქვეყნის სტუდენტმა, თუ იგი  გაიმარჯვებს კონკურსში, სწავლობს ფრიადებზე (стипендия в вропейских вузах). 

შვეიცარიაში უცხო ქვეყნის სტუდენტისთვის სტიპენდიის დანიშვნა ან გრანტის გამოყოფა დამოკიდებულია მის აკადემიურ მოსწრებაზე. ყოველწლიურად ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლები უცხო ქვეყნის სტუდენტებს აძლევნ შესაძლებლობას მიიღონ გრანტები ან სტიპენდია  სწავლისა და  კვლევებისთვის. სტიპენდიის  მიღების კრიტერიუმებია  აკადემიური მოსწრება და  მოტივაცია (Стипендии и гранты на обучение в Швейцарии). 

შვედეთში  ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებისთვის  სწავლა უფასოა, ხოლო არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის შედარებით დაბალია სწავლის საფასური. იქ ყოველწლიურად 100 სტიპენდიას  გამოყოფენ უცხოელი სტუდენტებისთვის, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს: სტიპენდიაზე მოთხოვნის თარიღამდე ორი წელი და მეტი არ უცხოვრიათ შვედეთში, არ გააჩნიათ შვედეთში ბინადრობის სტატუსი, არ მონაწილეობენ შვედეთის ტერიტორიაზე რომელიმე სასტიპენდიო პროგრამაში (Bogdan A. 2015).  

დიდი ბრიტანეთის განათლების სისტემა ცნობილია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. სწავლის საფასური დიდ ბრიტანეთში, მართალია, დიდია, თუმცა არსებობს ბევრი სტიპენდია და გრანტი, რომლებიც 10%-დან 100%-მდე ფარავს  სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს.

კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებია: 

 - სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილის ხარისხი;

 - მაღალი საშუალო GPA  ქულა;

 - არასასწავლო მიღწევები და ჯილდოები;

 -გამოცდებზე (GMAT/GRE) მაღალი ქულები (Бесплатное образование в Великобритании — гранты и стипендии). 

     ესტონეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ფორმალურად  უფასოა. საბიუჯეტო ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. უცხოელი ქვეყნის აბიტურიენტებისთვის უნივერსიტეტში ადგილების რაოდენობა წელიწადში არ აღემატება 10-ს. იმისთვის, რომ უნივერსიტეტმა დაფაროს სტუდენტის სწავლის დანახარჯები, სტუდენტმა წლის განმავლობაში უნდა დააგროვოს 60 კრედიტი და წარმატებით ჩააბაროს გამოცდები. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს ფასიან სწავლებაზე გადასვლა (Бесплатные университеты в Эстонии, 2021). 

 

განათლების ექსპერტთა შეხედულებები სახელმწიფო სასწავლო 

გრანტის  გამოყოფისა და შეჩერების შესახებ

    

      სახელმწიფო სასწავლო გრანტების აკადემიური მოსწრების მიხედვით განაწილებისა და გამოყენების პრობლემას განათლების ექსპერტი, პროფესორი სიმონ ჯანაშია სიფრთხილით ეკიდება და აღნიშნავს: „ამ ეტაპზე რთული სათქმელია, რა შეიცვლება იმით, თუ დაფინანსება სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას დაუკავშირდება, გარდა იმისა, რომ გაჩნდება ერთით მეტი რეგულაცია. იდეა მესმის, ჰგონიათ, თუ ამას გააკეთებენ, მეტი სტუდენტი დაიწყებს სწავლას იმისთვის, რომ გრანტი შეინარჩუნოს.  თუმცა, ჩემი აზრით, სამართლიანობის თვალსაზრისით, შეიქმნება პრობლემები, რადგან შეიცვლება უნივერსიტეტის დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ. უნივერსიტეტში პროფესორი, არა მხოლოდ, აკადემიური მოსწრების შეფასებას დაიწყებს, არამედ იმის გათვალისწინებასაც, შეინარჩუნებს თუ არა ეს სტუდენტი გრანტს. რაც დღეს არსებულ  პრობლემას, როდესაც სტუდენტები პროფესორებს მეტწილად იმის მიხედვით ირჩევენ, რომელი პროფესორი უფრო მარტივად დაწერს ქულებს, კიდევ უფრო გაამწვავებს. უსამართლოა ისიც, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტში სტუდენტების მიმართ სხვადასხვა მოთხოვნა იქნება“ (გორგოძე, 2017).    

 სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათაშორის ურთიერთობის ცენტრის გამგეობის თავჯდომარის შალვა ტაბატაძის აზრით: „გრანტის გაცემის წესის აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებამ შესაძლოა სტუდენტებს შორის გაზარდოს შიდაკონკურენციის პრობლემა, რამაც შეიძლება გაზარდოს მოტივაცია, ან პირიქით, უკუშედეგი გამოიღოს. ასევე შესაძლოა ის პრობლემური გახდეს პროფესორებისთვის ნიშნების გადანაწილების თვალსაზრისითაც ან მობილობისას როგორ მოხდება მიღებული გრანტის გადანაწილება. ეს რისკფაქტორები არსებობს.

ეს ყველა ის საკითხია, რომელზეც შეიძლება მსჯელობა, ფიქრი და ამ რისკების შემამცირებელი მექანიზმების ჩადება. თუ ამ კონკრეტულ რისკფაქტორებთან მიმართებით სამინისტროს აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გაანეიტრალოს ისინი, შეგვიძლია მსჯელობის გაგრძელება. თუ არ იქნება ამგვარი კონკრეტული ხედვა, მაშინ ეს იდეა უტოპიურია“ (გორგოძე ს. 2017).    

პრობლემის გადაჭრის მიზნით, წინამდებარე ნაშრომის ავტორების მიერ კვლევის ობიექტად აღებულ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2015-2020 წლების ბაკალავრიატის სტუდენტთა კონტინგენტი და მათი აკადემიური მოსწრებისა და ლექცია/სემინარებზე დასწრების მონაცემები. კვლევამ აჩვენა, რომ სახელმწიფო სასწავლო გრანტების უფრო ეფექტიანი გამოყენების მიზნით, აუცილებელია რიგი ღონისძიების გატარება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა გრანტების ერთობლიობის მთლიანი სიდიდის შესაბამისად, თითოეულ ფაკულტეტზე, სხვადასხვა წყაროს გამოყენებით, უნდა შეიქმნას ფაკულტეტის საერთო სასტიპენდიო ფონდი. სახელმწიფომ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს,  სწავლის პირველი წლის პირველ სემესტრში, თანაბრად უნდა დაუნიშნოს სტიპენდია. პირველი სასემესტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ფაკულტეტმა სტიპენდიები ხელახლა უნდა დანიშნოს. სტიპენდიის სიდიდე ამ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს აკადემიური მოსწრების მიხედვით.  სტიპენდია უნდა მიეცეს კარგი, ძალიან კარგი და ფრიადი შეფასების მქონე სტუდენტებს. საფუძვლად კი აღებული უნდა იქნეს ცოდნის შეფასების GPA სისტემა. GPA-ს სიდიდის გამოსათვლელად მისაღებად მიგვაჩნია  ამ მაჩვენებლის გამოთვლის თსუ-ში არსებული ალგორითმის გამოყენება. ამისათვის საჭიროა ვიცოდეთ სტუდენტის მიერ საგანში მიღებული GPA-ს რაოდენობა. არსებული პრაქტიკის მიხედვით სტუდენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ეთვლება, თუ მან  დააგროვა 51 და მეტი ქულა.

51 = 0.5 GPA; 61-70=1GPA;  71-80=2 GPA; 81-90=3 GPA; 91-100=4 GPA. 

ჩაბარებული საგნების მიხედვით – GPA-ს რაოდენობის საფუძველზე შეიძლება გამოითვალოს სტუდენტის საბოლოო GPA-ს სიდიდე. საგნების მიხედვით გამოთვლილი GPA-ს ეს სიდიდეები გავამრავლოთ ამ საგნისთვის გამოყოფილი კრედიტების რაოდენობაზე. გამოვთვალოთ ჩაბარებული საგნების GPA-ს სიდიდეთა ჯამი. მიღებული ჯამი გავყოთ ჩაბარებული საგნების საერთო კრდიტების რაოდენობაზე. ჩაუბარებელი საგანი GPA-ს სიდიდეზე არ მოქმედებს (იხ. ცხრილი 2).

                                                                                              






სტუდენტის საბოლოო GPA-ის სიდიდის გამოთვლის  მაგალითი

ცხრილი 2

 

N

სასწავლო კურსი

შეფასება

(ქულა)

კრედიტი

სასწავლო

კურსის  GPA

GPA

კრედიტის

რაოდენობა

1

მათემატიკა

85

5

3

15

2

ინფორმატიკა ეკონომიკასა და ბიზნესში

76

5

2

10

3

საბუღალტრო აღრიცხვა

91

5

4

20

4

მენეჯმენტის საფუძვლები

90

5

4

20

5

უხო ენა

65

5

1

5

 

სულ

 

25

14

70

 

მოცემული მაგალითის მიხედვით სტუდენტის საბოლოო GPA-ს სიდიდე ტოლია 70:25=2.4.

სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსების მოდელები

 

განვიხილოთ სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსების რამდენიმე მოდელი და შევარჩიოთ ისეთი, რომელიც მისაღები იქნება განათლების  პროცესში ჩართული  მხარეებისთვის:

1. უმაღლესი სასწავლებელი, საშუალო სკოლის გამოსაშვები გამოცდების აკადემიური ქულების მიხედვით, თვითონ ახდენს სტუდენტების მოზიდვას, უნიშნავს  სტიპენდიას და განიხილავს მისი  შეჩერების საკითხსაც.

ამ მოდელის შემთხვევაში უნივერსისტეტებს უნდა გააჩნდეს საკუთარი ტექნიკური, ადამიანისეული და ფინანსური რესურსი.  დღეისთვის ასეთი მიდგომა მისაღებია მხოლოდ კერძო, ფასიანი უნივერსიტეტებისთვის. რაც შეეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს, მათ საკმარისი რესურსი არ გააჩნიათ. ამ მოდელის გამოყენების შემთხვევაში სკოლებში  გაიზრდება  სწავლის დონე. ამისათვის  საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან სკოლებში სწავლის პროცესის კონტროლის  გაძლიერება, ვინაიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გარკვეულ სოციალურ უსამართლობას. მსგავს პირობებში კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის აბიტურიენტები, რომლებსაც ექნებათ საშუალება მოემზადონ რეპეტიტორებთან, ისწავლონ პრესტიჟულ სკოლებში, თავისუფლად ისარგებლონ ინტერნეტრესურსებით და სხვ. ეს უკანასკნელი საშუალებას მისცემს მათ დააგროვონ მაღალი ქულები საშუალო სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე და სწავლა გააგრძელონ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებსა და სპეციალობებზე.

2. თითოეული აბიტურიენტი, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით ჩაირიცხა მათ მიერ არჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში, პირველ სემესტრში თანაბრად მიიღებს სტიპენდიას, ხოლო პირველი სემესტრის აკადემიური შედეგების მიხედვით, მეორე სემესტრიდან - განსხვავებულ სტიპენდიებს. ამ მოდელს სკოლებში ექნება იგივე უარყოფითი მხარეები, როგორც პირველ მოდელს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ყველა სტუდენტი აღმოჩნდება თანაბარ მდგომარეობაში და მათ მიეცემათ საშუალება მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. აღნიშნული მოდელი აღმოფხვრის სოციალურ უსამართლობას სტიპენდიის მიღების პროცესში – სტიპენდიას მიიღებს ის სტუდენტი, რომელიც წარმატებული იქნება სწავლაში.

3. პირველი კურსის პირველ სემესტრში აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას დაიწყებენ მისაღები გამოცდების გარეშე. მეორე სემესტრში უნივერსიტეტებში სწავლას გააგრძელებენ ის აბიტურიენტები, რომლებსაც ექნებათ მაღალი აკადემიური მოსწრება. ასეთი მოდელი, ერთი შეხედვით,  კარგია აბიტურიენტებისთვის. მაგრამ სინამდვილეში დღეისთვის უმაღლესი სასწავლებლებში ასეთი მოდელის განხორციელება უტოპიაა. ამ მოდელის  მთავარი ნაკლი მდგომარეობს შემდეგში: აბიტურიენტების დიდი ნაწილი სწავლას მოისურვებს პრესტიჟულ სპეციალობებზე, უნივერსიტეტებს არ ექნებათ საკმარისი ტექნიკური, ფინანსური და ადამიანისეული (პროფესორ-მასწავლებლები) რესურსები. სკოლებში დაეცემა სწავლის ხარისხი და, შესაბამისად, ნაკლებად მომზადებული კონტიგენტი  მივა უმაღლეს სასწავლებლებში.  

4. დღეისათვის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გრანტების განაწილების არსებული მოდელის არსი შემდეგია: სტუდენტს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ენიშნება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით და იგი ინარჩუნებს მას ბოლომდე, თუ მან დააგროვა სასწავლო კოლოკვიუმით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობა. ამ მოდელის უარყოფითი მხარეები   ზემოთ უკვე იყო განხილული. 

5. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილება-გამოყენება მიბმული უნდა იქნეს სტუდენტთა აკადემიურ მოსწრებასთან. პირველი წლის პირველ სემესტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს თანაბრად უნდა მიეცეს სტიპენდია, ხოლო მეორე სემესტრიდან  სტუდენტებს სტიპენდიები უნდა დაენიშნოს  პირველი სემესტრის გამოცდების შედეგების მიხედვით. აღნიშნული მოდელით  სტიპენდიების დანიშვნა თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს ყველა აბიტურიენტს და თითეულ მათგანს მისცემს საშუალებას მაქსიმალურად გამოავლინონ თავისი შესაძლებლობები. აღმოიფხვრება სოციალური უსამართლობა სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილება-გამოყენების პროცესში, გაიზრდება ლექცია/სემინარებზე სტუდენტთა დასწრება, შემცირდება სტუდენტთა მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევები, განხორციელდება სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების რეალური ავტონომია სახელმწიფოს მიერ სწავლისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების განაწილებისა და გამოყენების სფეროში და სხვ. 

 

პრობლემის კვლევის შედეგები და დასკვნები

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თანამედროვე პირობებში, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისათვის, როგორც ჩანს, ყველაზე მორგებულია სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილებისა და გამოყენების მეხუთე მოდელი. მისი განხორციელებისათვის აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების გატარება:

  • სახელმწიფო  სასწავლო გრანტის  განაწილება უნდა  მოხდეს ერთიანი ეროვნულიგამოცდების  შედეგების მიხედვით;

  • სწავლების პირველ სემესტრში უნივერსიტეტში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს თანაბრად უნდა  დაენიშნოს  სტიპენდია, რომლის სიდიდე არ უნდა იყოს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლები;

  • მეორე სემესტრიდან კი სტუდენტს სტიპენდია უნდა დაენიშნოს პირველი სემესტრის გამოცდების შედეგების მიხედვით დიფერენცირებულად  მისი აკადემიური მოსწრების შესაბამისად. 

  • ამასთანავე, სტიპენდიის დიფერენციაციას საფუძვლად უნდა დაედოს  სტუდენტთა აკადემიური მოსწრების სიდიდე (GPA-2, GPA-3, GPA-4).

უნივერსიტეტებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილებისა და გამოყენების შემოთავაზებული მოდელის რეალიზაციის შედეგად, სავარაუდოდ: 

  1. გაიზრდება სწავლისადმი მოტივაცია. სტუდენტების დიდი ნაწილი დაინტერესებული იქნება მოიპოვოს სტიპენდია;

  2.  მიიღწევა სოციალური სამართლიანობა გრანტების მიღების პროცესში. სტიპენდიას მიიღებს მხოლოდ ის სტუდენტი, რომელსაც ექნება მაღალი აკადემიური მოსწრება; 

  3. უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებზე განხორციელდება რეალური ავტონომია სახელმწიფო სასწავლო გრანტების დეცენტრალიზებული  განაწილებისა და გამოყენების პროცესში;

  4. გაუმჯობესდება სასწავლო დისციპლინა, გაიზრდება ლექცია-სემინარებზე  სტუდენტთა დასწრების დონე;

  5. გაცილებით შემცირდება სტუდენტთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულების  რაოდენობა. სტუდენტთა უდიდესი ნაწილი მოტივირებული იქნება მაქსიმალურად ჩაერთოს სასწავლო პროცესში. 



ლიტერატურა:

 

 

References:

 

  • ganatlebis saministro (2019). propesiis mikhedvit diperentsirebuli sastsavlo grantebis shemoghebaze mushaobs. [Ministry of Education (2019). Works on the introduction of differentiated study grants by profession.] (In Georgian).   

  • Gorgodze S. (2017). akademiuri mostsreba, rogorts grantis shenarchunebis piroba - ras pikroben spetsialistebi? [Gorgodze S. (2017). Academic attendance as a condition for retaining a grant - What do specialists think?] (In Georgian)

  • Project. Unified Strategy for Education and Science 2017-2021.  In Georgianhttps://bit.ly/2XTw6VI (last seen 10.09.2021).

  • rogor gamovtvalot GPA TSU-shi? [How to calculate GPA at TSU?] (In Georgian)   https://bit.ly/3mEphla     (last seen 09.09.2021).

  • Sartania V. (2001). ganatlebis ekonomika (istoria, teoria, perspektiva). [Education Economics (History, Theory, Perspective). Tbilisi Sulkhan-Saba Orbeliani State Pedagogical University Publishing House]. (In Georgian).

  • sakartvelos parlamenti, (2020). sakartvelos kanoni, sakartvelos 2021 tslis sakhelmtsipo biujetis shesakheb. [Parliament of Georgia, (2020). Law of Georgia on the State Budget of Georgia for 2021.]  (In Georgian).

  • https://matsne.gov.ge/ka/document/view/5071216?publication=1 (last seen 09.09.2021).

  • sakartvelos mtavrobis dadgenileba, (2021). #283, 2021-2022 sastsavlo tslisatvis sakhelmtsipo sastsavlo grantis tsliuri motsulobebis, odenobebisa da programuli dapinansebis motsulobis gansazghvris shesakheb. [Resolution of the Government of Georgia (2021). N 283, On Determining the Annual Volumes, Amounts and Volume of Program Funding for the 2021-2022 Academic Year, Tbilisi.] (In Georgian) https://matsne.gov.ge/ka/document/view/5191767?publication=0   (last seen 10.09.2021).    

  • sakartvelos kanoni, (2019). sakartvelos 2020 tslis sakhelmtsipo biujetis shesakheb. [Law of Georgia, (2019). On the State Budget of Georgia for 2020.] (In Georgian). https://matsne.gov.ge/ka/document/view/4734727?publication=2   last seen09.09.2021    

  • .http://liberali.ge/news/view/28678/akademiuri-mostsreba-rogorts-grantis-shenarchunebis-piroba-ras-fiqroben-spetsialistebi  (last seen 11.09.2021).    

  • https://edu.aris.ge/news/ganatlebis-saministro-profesiis-mixedvit-diferencirebuli-saswavlo-grantebis-shemogebaze-mushaobs.html  (last seen 10.09.2021).      

  • Stipendiya dlya studentov 2021 goda v Rossii [Scholarship for Students in 2021 in Russia.] (in Russian.) https://mobi-up.ru/mnogoletnie-cvety/stipendiya-v-vuzah-vidy-stipendii-dlya-studentov-v-vuzah-rossii/  (last seen 13.09.2021).

  • Stipendiya studentam BNTU: kakiye vidy byvayut i skolko budut platit v 2019 godu? [Scholarships for BNTU Students: What Types are There and How Much will They Pay in 2019?] (in Russian.)  https://times.bntu.by/news/5585-stipendiya  (last seen  13.09.2021).     

  • Ustoychivost universitetov v otnashenii modeli finansirovaniya sistemy vysshego obrazovaniya v respublike Kazakhistan v usloviyakh perekhodnogo perioda. [Stability of Universities in Relation to the Model of Financing the Higher Education System in the Republic of Kazakhstan in the Transition Period. Nur-Sultan, 2019.](in Russian). https://gse.nu.edu.kz/wp-content/uploads/2019/06/Monografiya.pdf  (last seen 11.09.2021).    

  •  stipendiya v yevropeyskikh vuzakh. [scholarships in European universities.](in Russian).

https://educationaustria.ru/obrazovanie-v-evrope/universitety-evropy/stipendiya-v-evropejskih-vuzah/   (last seen 10.09.2021).

  • Stipendii i granty na obucheniye v Shveytsarii. [Scholarships and grants to study in Switzerland.](in Russian.)

https://abroadz.com/stipendii-i-granty-na-obuchenie-v-shvejczarii  (last seen 10.09.2021).